ჩემი სხეული – ვულვა

კატეგორია: ჩემი სხეული

ამ სტატიაში მოცემულია სხვადასხვა ინფორმაცია, როგორ იზრუნო და ისიამოვნო შენი სხეულით, თუ გაქვს ვულვა.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს სტატია შეიძლება არ მიესადაგებოდეს ყველა, განსაკუთრებით კი ინტერსქესი ადამიანის სხეულს. ინტერსქესი ადამიანები იბადებიან ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც არ ჯდება მდედრობითი ან მამრობითი სქესის დახასიათებაში. მეტი ინფორმაცია ინტერსქესი ადამიანების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.intersex.ge

იცოდე საკუთარი სხეული – ვულვა:

  • ვულვა მოიცავს გენიტალიების მთლიან შემადგენლობას: ლაბიის გარეთა ბაგეები, ლაბიის შიდა ბაგეები, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, ვაგინა და შარდსადენი არხი;
  • ვულვას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ვაგინას. სინამდვილეში კი, ვაგინა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც კუნთოვანი ორგანოა და გარეთა ვულვას აკავშირებს საშვილოსნოს ყელსა და საშვილოსნოსთან.

ლაბია (ბაგეები):

  • ლაბია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ბაგეებს;
  • არსებობს ორი სახის ლაბია, შიდა (ბაგეები) და გარეთა (ბაგეები) ლაბია;
  • გარეთა ლაბია (ბაგეები) შედგება ცხიმოვანი ქსოვილისგან, რომელიც აღგზნების შემთხვევაში იზრდება და შეიძლება სენსიტიური გახდეს;
  • შიდა ლაბია (ბაგეები)კლიტორის ჩუჩას ვაგინის დასაწყისთან აერთებს. შიდა ლაბია ანუ ბაგეები იცავს ვაგინას ბაქტერიებისგან.

კლიტორი:

  • კლიტორის ერთადერთი მოვალეობა არის სიამოვნების მიღება, მასში გადის ათასობით ნერვული დაბოლოება;
  • კლიტორი დაფარულია კლიტორის ჩუჩით, რომელიც აერთებს მას ვაგინის ყელთან (სადაც იწყება ვაგინა);
  • კლიტორი პატარა ჩანს, თუმცა, თუ მას კლიტორის ჩუჩის ქვეშ დაათვალიერებ, აღმოაჩენ, რომ ის 9-10 სანტიმეტრის ზომისაა და ჩამალულია სხეულში;
  • აღგზნების დროს სისხლი მიედინება კლიტორისკენ, იგი იზრდება ზომაში და ხდება უფრო სენსიტიური;
  • კლიტორის ფერი, ზომა და ფორმა ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს.

ვაგინა:

  • ვაგინა არის კუნთოვანი ქსოვილისგან შემდგარი ორგანო, რომელიც აკავშირებს შენს ვულვას შინაგან ორგანოებთან: საშვილოსნოს ყელთან, საშვილოსნოსთან, ფალოპის მილებთან;
  • ვაგინა 9-10 სანტიმეტრის სიგრძისაა, როდესაც არ ხარ აღგზნებული;
  • ვაგინა არის ადგილი, სადაც ხდება პენისის, ვიბრატორის, თითის მოთავსება ვაგინალური სექსის დროს;
  • ვაგინის კედლების ლუბრიკაცია ბუნებრივად ხდება, როდესაც აღგზნებული ხარ, რაც უფრო კომფორტულს ხდის სექსს.

აპკი:

  • აპკი არის ელასტიური ქსოვილი, რომელიც მდებარეობს ვაგინაში, ყველას აპკი ინდივიდუალური და სხვადასხვანაირია;
  • ხშირად მიაჩნიათ, რომ აპკი ფარავს ვაგინას, სინამდვილეში აპკი ელასტიური ქსოვილია, რომელიც საერთოდ არ ბლოკავს ვაგინას, რადგან ვაგინიდან გამოედინება მენსტრუალური სითხე.

ამ სურათზე წარმოდგენილია აპკის რამდენიმე სახეობა. როგორც ხედავ, იგი არ ფარავს ვაგინას და ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის.

აპკზე მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხე ჩვენი სტატია 5 მითი ქალწულობის შესახებ.

შარდსადენი არხი:

  • შარდსადენი არხი არის ადგილი, საიდანაც ხდება მოშარდვა;
  • შარდსადენი არხი მდებარეობს კლიტორის ქვემოთ.

საინტერესო ფაქტები:

  • ვულვები არსებობს სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფორმის;
  • სრულიად ნორმალურია, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შენმა ლაბიამ ფერი შეიცვალოს;
  • შიდა ლაბიაც (იგივე ბაგეები) შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის. ზოგი უფრო გრძელი და ადვილად შესამჩნევია, ზოგი – უფრო მოკლე, ზოგიც არასიმეტრიული;
  • სექსუალურმა აღგზნებამ შეიძლება გამოიწვიოს ვულვის ზომისა და ფერის შეცვლა;
  • როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს შენი ვულვა, ზომის, ფორმისა თუ ფერის მიუხედავად, ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს შენ სექსუალურ სიამოვნებაზე. ადამიანებს აქვთ სხვადასხვანაირი ვულვები, ვინაიდან ყველა ადამიანი უნიკალურია;
  • გიყვარდეს შენი სხეული, ურთიერთობაში უპირატესობა მიანიჭე ისეთ პარტნიორს, ვინც კარგად გაგრძნობინებს თავს შენს სხეულთან დაკავშირებით.

როგორ ვიზრუნო ჩემს ვულვაზე?

  • შენი ვაგინა თავად წმენდს თავის თავს, ამიტომ არ არის საჭირო საპნები ან სხვა მსგავსი საშუალებები;
  • დასაბანი გელის გამოყენების შემთხვევაში, დარწმუნდი, რომ ის არ შეიცავს საპონს, სხვადასხვა სურნელსა და ქიმიურ ელემენტებს;
  • ტუალეტის ქაღალდის წინიდან უკან გამოყენება აგარიდებს ბაქტერიების ვაგინაში მოხვედრას;
  • თუ ვაგინიდან უცნაურ სუნს შენიშნავ, კარგი იქნება, თუ მიმართავ ექიმს;
  • სექსის შემდეგ მოშარდვა ამცირებს ინფექციების რისკს (თუმცა სექსუალური გზით გადამდები ინფექციების შემთხვევაში მხოლოდ ამის იმედად ნუ იქნები, გამოიყენე კონდომი);
  • გახსოვდეს, რომ, როდესაც საქმე ვულვას ეხება, ნორმა ყველასთვის სხვადასხვაა, ამიტომ, თუ რამე შენთვის უჩვეულოს შენიშნავ, მიმართე ექიმს;
  • გენიტალიებიდან თმის მოშორება პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენ უნდა მიიღო. ზოგ ადამიანს თმის დატოვება ურჩევნია, ზოგს – მოშორება;
  • თუ თმის მოშორებას პროფესიონალთან აპირებ, დარწმუნდი, რომ სისუფთავის სტანდარტები დაცულია.

ასე გამოიყურება შენი ვულვა:

გახსოვდეს, რომ ყველას სხეული სხვადასხვანაირი და უნიკალურია. გიყვარდეს საკუთარი სხეული და იზრუნე მის ჯანმრთელობაზე, ყოველთვის გქონდეს დაცული სექსი.